2016-06-16

ბლინების (კრეპების) ნამცხვარი ქოქოსით - ძალიან გემრიელია

           კრეპტორტები საკმაოდ გავრცელებული დესერტია და მათი მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს. ძირითადად კრემის რეცეპტი იცვლება, კრეპები (ბლინები) კი კლასიკურად მზადდება. თუმცა სურვილისა და  ფანტაზიის მიხედვით მისი შეცვლაც შეიძლება.
          ამ ნამცხვარში სამი ფენაა, კრეპის, კრემისა და ქოქოსის ფანტელის. ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია. მომზადებაც მარტივია, თუმცა ცოტა ბევრი დრო სჭირდება ფენების მომზადებას.


დაგჭირდებათ:

              ბლინებისთვის:

  • 4 დიდი კვერცხი
  • 1 1/2 ჩ.ჭ. რძე
  • 1 ჩ.ჭ. წყალი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილინი
  • 80 გ. გამდნარი კარაქი/მარგარინი
  • 2 ჩ.ჭ. ფქვილი
              კრემისთვის:
  • 1 1/2 ჩ.ჭ. რძე
  • 1/2 ჩ.წ. შაქარი
  • 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1 პაკეტი ვანილინი
  • 2 ს,კ. კარაქი
+100 გ. ქოქოსის ფანტელი

მომზადება:
  • ბლინების ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და რამდენიმე წუთი დააბლენდერეთ, როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, გადმოიტანეთ ცომი ჭურჭელში და შედგით მაცივარში 1 საათით.
  • ბლინები გამოაცხეთ ცხელ, ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან, მეორე მხარეს რამდენიმე წამი დასჭირდება.
  • კრემის მოსამზადებლად, სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და ვანილინი, აურიეთ და ნელ-ნელა შეათქვიფეთ რძე. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ შეუჩერებლად, სანამ კრემი არ გასქელდება და წამოდუღდება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი, შეურიეთ და გააციეთ.
  • როცა ბლინები და კრემი გაცივდება ააწყეთ ნამცხვარი, ერთ ბლინს თხლად წაუსვით კრემი, მოაყარეთ ცოტა ქოქოსის ფანტელი, დაადეთ მეორე ბლინი, მასაც წაუსვით კრემი, მოაყარეთ ქოქოსი და ასე განაგრძეთ. ბოლო ფენას უფრო მეტი კრემი წაუსვით და მეტი ქოქოსი მოაყარეთ.




No comments:

Post a Comment