2014-05-24

მარწყვის "ქაფქეიქები"

ბოლო პერიოდია, თითქმის მთელი გაზაფხული, ვეღარ ვაქტიურობ ბლოგზე, რაც   სტატისტიკასაც დაეტყო, საკმაოდ დაიწია. რათქმაუნდა არ მომწონს, მაქსიმუმ 1 თვე გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა, შემდეგ კი ბევრ ძალიან კარგ რეცეპტს გაგიზიარებთ. ახლა ამ გემრიელ "ქაფქეიქებზე" მოგიყვებით. მინდოდა რამე მარწყვით გამეკეთებინა, ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ეს რეცეპტი ავარჩიე.
ბისკვიტი იმდენად გემრიელია, რომ შეგიძლიათ კრემი სულაც არ გაუკეთოთ და როგორც მაფინები ისე მიირთვათ.


ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.ჭ. კარაქი
  • 2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 1,5 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 3 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1 პაკეტი ვანილინი
  • 1 ჩ.ჭ. რძე
  • 1ჩ.ჭ. დაჭრილი მარწყვი

 მანამ კრემის მასალაზე გადავალ მინდა გითხრათ, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ.. ძალიან კარგი ბეზე გავაკეთე, შემდეგ მარგარინი შევათქვიფე და მშვენიერი კრემი მივიღე, ბოლოს კი დაბლებდერებულმა მარწყვმა კრემი ამიჭრა. ამიტომ თქვენ გირჩევთ რომ კრემში მარწყვი აღარ დაამატოთ და როცა ბისკვიტებს მორთავთ, დაჭრილი ხილით გაალამაზოთ.

კრემისთვის დაგჭირდებათ:

  • 4 კვერცხის ცილა 
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 200 გ. მარგარინი ან კარაქი (კუბიკებად დაჭრილი, დარბილებული)
  • 1 პაკეტი ვანილინი


  • 1ჩ.ჭ. მარწვი მოსართავად


მომზადება (ბისკვიტი):

  •  მშრალი ინგრედიენტები ერთ თასში აურიეთ.
  • ცალკე ათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად, როცა კრემისმაგვარ მასას მიიღებთ სათითაოდ დაამატეთ კვერცხი, (როცა ერთი კარგად შეერევა შემდეგ მე-2, მე-3). დაამატეთ ვანილი კარგად  ათქვიფეთ. შემდეგ ჩააცერით მშრალი ინგრედიენტები, ჯერ 1/2 და შემდეგ დარჩენილი ნახევარი. მიქსერი უნდა იყოს დაბალ სიჩქარეზე. ბოლოს დაამტეთ რძე და კვლავ კარგად ათქვიფეთ, ბოლოს დაამატეთ მარწყვი.
  • ფორმებში გაანაწილეთ საცხობი ქაღალდები, ცომით შეავსეთ ფორმის ნახევარი.(ბისკვიტები ცხობისას საკმაოდ იმატებს ზომაში). გამოაცხეთ 170 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 20-30 წუთი.


კრემი:

  • კვერცხის ცილა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  •  ცილის თქვეფა დაიწყეთ მიქსერის მაღალი სიჩქარით. როცა ღრუბლის მაგვარი გახდები ნელ–ნელა შეათქვიფეთ შაქარი დაბალი სიჩქარით. როცა შაქარი გაიხსნება თქვეფა განაგრძეთ ისევ მაღალი სიჩქარით. მყარ ბეზეს რომ მიიღებთ ნაწილ–ნაწილ შეათქვიფეთ მარგარინი/კარაქი. ბოლოს ვანილი. რამდენიმე წუთი თქვიფეთ და კრემიც მზად იქნება.

  •  როცა ბისკვიტები გაცივდება მორთეთ კრემით, შემდეგ კი მარწყვით.

გემრიელად მიირთვით! 


No comments:

Post a Comment