2013-05-04

პასკა შაქრის მინანქრით

სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია პასკის გარეშე, მისი მომზადება წელს პირველად ვცადე და შედეგი ძალიან მომეწონა. არცთუ ისე რთულია, უბრალოდ ცოტა დიდი დრო სჭირდება ცომის აფუებას. მთავარია ცომი არ გაგიცივდეთ და ყველა საფეხური ზუსტად შეასრულოთ, რაც რეცეპტშია მოცემული. მოცემული რეცეპტით გამოდის სამი პასკა. (რეცეპტი ჟურნალ "გემრიელის" მაისი თვის ნომერში ვნახე)




მასალა ცომისათვის:
3 კვერცხი

3-3.5 ჭიქა ფქვილი
1 ს.კ. საფუარი
125 მლ. რძე
200 გ. შაქარი
100 გ. კარაქი
200 გ. ქიშმიში და ცუკტები
50 მლ. ნებისმიერი ლიქიორი
0.5 ჩ.კ. მარილი
თითო ჩ.კ. დაფქული ჯავზი (მუსკატის კაკალი)
დარიჩინი, ილი

მასალა მინანქრისათვის:
1 კვერცხის ცილა

200 გ. შაქრის პუდრა
შაქრის კანფეტები მოსართავად


მომზადება:
მომზადებამდე 2 საათით ადრე ქიშმიში და ცუკატები მოვათავსეთ ლიქიორში. შემდეგ ხელსაწმენდზე დავყაროთ და ასე გავაშროთ. რძე გავათბოთ, გავხსნათ 1 ჩ.კ. შაქარი და საფუარი. დავამატოთ 4 ს.კ. ფქვილი, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ აგდილას ასაფუებლათ 1 საათით. ერთად ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, უნდა მივიღოთ ბეზე. როდესაც ცომი მოცულობაში ორჯერ გაიზრდება, ნელ-ნელა დავუმტოთ ხან ათქვეფილი კვერცხის გული, ხან ცილა. ცხელ წყალში დასველებული ხელით შევაზილოთ დარბილებული კარაქი. შემდეგ დავამატოთ სანელებლები და ფქვილი, მოვზილოთ რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკვრება. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ სითბოში ასაფუებლად. როდესაც მოფუვდება დავამატოთ ქიშმიშები და ცუკატები, გავყოთ სამ ნაწილად და გავანაწილოთ ცხიმწასმულ ფორმებში.  დავდგათ ჩაის ტილო გადაფარებული ასაფუებლად თბილ ადგილას 1 საათით. აირღუმელი გავაცხელოთ 170 გრადუს ცელსიუსზე და გამოვაცხოთ დაახლოებით 35 წუთი. 

შაქრის მინანქარი:კვერცხის ცილა ავთქვიფოთ დავუმატოთ შაქრის პუდრა და კარგად ავურიოთ. 

გაგრილებულ პასკებს ზემოდან გადავუსვათ შაქრის მინანქარი და მოვრთოთ შაქრის კანფეტებით (სწრაფადვე, რომ არ გახმეს მინანქარი).

მრავალ აღდგომას დაესწარით!


No comments:

Post a Comment