2015-08-12

პომიდვრის გასპაჩო

გასპაჩო ესპანურ სამზარეულოს მიეკუთვნება. ეს არის ბოსტნეულის ცივი სუპი, რომლის ისტორიასაც ანტიკური ფესვები აქვს. ამ კერძს მრავალ ქვეყანაში მიირთმევენ, თუმცა განსაკუთრებით პოპულარულია ესპანეთსა და პორტუგალიაში. არსებობს გასპაჩოს მომზადების მრავალი ვარიაცია, რომლებიც ძირითადი იგრედიენტით განსხვავდებიან. პომიდვრის გასპაჩო ყველაზე მეტადაა გავრცელებული და მეც სწორედ მისი მომზადების რეცეპტს გთავაზობთ. სუპები აუცილებელია საჭმლის ნორმალური მონელებისათვის, ზაფხულში კი ცხელი წვნიანების ჭამა რთულია, ამ დროს ცივი სუპები საუკეთესო არჩევანია.


დაგჭირდებათ:
  • 900 გ. პომიდორი
  • 1 პატარა ხახვი
  • 1 პატარა კიტრი
  • 1 მწვანე ან წითელი ბულგარული წიწაკა  
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/4 კონა ოხრახუში
  • 1/4 ჩ.ჭ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი ან ლიმონის/ლაიმის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 2 ნაჭერი პური
  • 1/4 ჩ.ჭ. წყალი 

მომზადება:

  • პურის ნაჭრებს ქერქი ჩამოაჭერით, რბილი ნაწილი კუბიკებად დაჭერით და წყალი დაასხით.
  • პომიდვრები ძირზე იქსებად დასერეთ და ჩააწყეთ ადუღებულ წყალში რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ცივ წყალში გადაიტანეთ. ეს დაგეხმარებათ კანის მარტივად მოცლაში.
  • კანგაცლილი პომიდორი დაჭერით და ბლენდერში მოათავსეთ.
  • კიტრი გათალეთ, კოვზის დახმარებით თესლები ამოაცალეთ. დაჭერით და პომიდორს დაამატეთ.
  • ნიორი შუაზე გაჭერით, მოყვითალო/მომწვანო პატარა ნაწილი ამოაჭერით და ბოსტნეულს დაუმატეთ. ხახვი ოთხად გაჭერით და ისიც ბლენდერში მოათავსეთ.
  • ბულგარულ წიწაკას თესლი მოაშორეთ, ოთხად გაჭერით და ოხრახუშთან, დამბალ პურთან, ზეთთან და ძმართან ერთად ბოსტნეულს დაუმატეთ.
  • მარილი და პილპილი გემოვნებით მოაყარეთ და დაააბლენდერეთ. 
  • როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ გაწურეთ, რომ პომიდვრის თესლისგან გაათავისუფლოთ. ნახევარი საათით შედგით მაცივარში, რადგან ცივი ძალიან გემრიელია.

No comments:

Post a Comment