2015-07-28

სტაფილოს ნამცხვარი

ამ რეცეპტს, სავარაუდოდ, არ ექნება ბევრი ნახვა, არც მოწონება და არც გაზიარება. მიზეზი კი ის იქნება რომ ბევრი თქვენგანი იფიქრებს "რა უნდა სტაფილოს ნამცხვარში". სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის განმავლობაში მეც ამ მიზეზით არ ვამზადებდი მსგავს კექსს, მაგრამ გუშინ გადავწყვიტე მეცადა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ესაა უგემრიელესი ნამცხვარი ჯავზისა და დარიჩინის საოცარი არომატით, სტაფილოს გემო არ იგრძნობა, მაგრამ ის განსაკუთრებულ სიფაფუკეს სძენს მას. უმარტივესი რეცეპტითა და რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ ძალიან გემრიელი კექსი გამოაცხოთ. ნუ ეტყვით ოჯახის წევრებს რომ ამ კექსის მთავარი ინგრედიენტი სტაფილოა, ვერავინ მიხვდება და უგემრიელესი ნამცხვრით ისიამოვნებენ. იმედია ჩემი აღწერა დაგაინტერესებთ და თუ ასე მოხდა, მაშინ განაგრძეთ კითხვა და აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი. :)


დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.ჭ. ზეთი
  • 3 დიდი კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1+1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 3/4 ჩ.კ. სოდა
  • ვანილი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
  • 1/8 ჩ.ჭ. ჯავზი იგივე მუსკატის კაკალი
  • 1+1/2 ჩ.ჭ. გახეხილი სტაფილო
* შაქრის პუდრა მოსართავად <3

მომზადება:


  • ზეთი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი და ვანილი.
  • ცალკე ჯამში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, სოდა, დარიჩინი, ჯავზი და მარილი.
  • მშრალი ინგრედიენტები ჩააცერით კვერცხიან მასას, ხელის სათქვეფით შეურიეთ. ბოლოს კი დაუმატეთ სტაფილო.
  • საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. დასჭირდება 25-30 წუთი.
  • გაგრილებულ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.


No comments:

Post a Comment