2014-02-18

ვაშლის ნამცხვარი ფხვიერი ზედაპირით

ვაშლის დესერტების საოცარ არომატზე ადრეც დამიწერია და ორი სხვა რეცეპტიც შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე. დდღევანდელი რეცეპტის აღწერისასაც მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნამცხვარი ძალიან გემრიელია, ვაშლის, ლიმონის ცედრისა და დარიჩინის შესანიშნავი არომატით სავსე, ჰაეროვანი ბისკვიტითა და ფხვიერი ზედაპირით. მომზადება საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ მოამზადოთ და ისიამოვნოთ.


მასალა:
4 კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
15 ს.კ. ზეთი
1 ჩ.კ. სოდა
1 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.კ. მარილი
3 ს.კ. რძე
ლიმონის ცედრა
3 დიდი ვაშლი

ფხვიერი ფენა:
1 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
6 ს.კ. კარაქი
2 ჩ.კ. დარიჩინი
ცოტა კაკაო

მომზადება:
თავდაპირველად მივამზადოთ ფხვიერი ფენა. ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ თასში და ხელით შევურიოთ ერთმანეთს, მოვზილოთ ცომი, ჩავდოთ ცელოფანში და შევდოთ საყინულეში 30 წუთი.
ამ დროს მოვამზადოთ ბისკიტის ცომი. ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, როცა მასა გაფუვდება დავამატოთ ზეთი და ავთქვიფოთ. შემდეგ ლიმნის ცედრა, ჩავაცრათ მშრალი ინგრედიენტები და ხელის სათქვეფით ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ რძე. ვაშლი გავთალოთ, ამოვაჭრათ გული და დავჭრათ. ფორმას (28 სმ. დიამეტრის) წავუსვათ კარაქი და გადავიტანოთ ცომის ნახევარი, დავალაგოთ ვაშლის ნახევარი, მოვასხათ დარჩენილი ცომი და დავალაგთ დარჩენილი ვაშლი. გამოვიღოთ საყინულიდან ცომი, გავხეხოთ და მოვაყაროთ ვაშლს. ვაცხოთ 190  გრადუსზე 45-50 წუთი. შევამოწმოთ ხის წკირით, თუ მშრალი ამოვა მზადაა. მიირთვით თბილი, უფრო გემრიელია, თუმცა ცივიც მშენიერია.



No comments:

Post a Comment