2013-09-04

ნამცხვარი "რობსონი"

ეს რეცეპტი ბებოს ძველ რეცეპტების ბლოკნოტში ვნახე, ახალგაზრდობაში ბებო აცხობდა  (ალბათ), დედასაც ხშირად გაუკეთებია და ძალიან მომწონდა. მე პირველად გამოვაცხე და ძალიან მომეწონა, ვიზუალიც და გემოც. არაფერი რთული არაა და არც დიდი დრო არ სჭირდება. პარალელურ რეჟიმში შეგიძლიათ მოამზადოთ ბისკვიტი და კრემი.

მასალა:
ბისკვიტისთვის:
4 კვერცხი
3 ჩ.ჭ. შაქარი
6 ს.კ. კარაქი
500 მლ. მაწონი
2 ჩ.კ. სოდა
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
3 ჩ.ჭ. ფქვილი
3 ს.კ. კაკაო
კრემისთვის:
500 მლ. რძე ანუ 2 ჩ.ჭ.
1.5 ჩ.ჭ. შაქარი
2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
250 გ. მარგარინი

მომზადება:
  • კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე.
  • კარაქი გავადნოთ და შევათქვიფოთ.
  • სოდა გავხსნათ მაწონში და დავამატოთ ათქვეფილ მასას. კარგად ავთქვიფოთ.
  • დავამატოთ ვანილი და შემდეგ ჩავაცრათ კაკაო და ფქვილი. კარგად ავურიოთ ხელის სათქვეფით.
  • საცხობ ფორმაზე დავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. 
  • ცომისგან უნდა გამოვაცხოთ 2 დიდი და 1 პატარა ფირფიტა, ამიტომ ასე გავანაწილოთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე. 
  • გამოვაცხოთ 190-200 გრადუსზე.

კრემის მომზადება:
  • ფქვილი ჩავცრათ ქვაბში, ნელ-ნელა დავუმატოთ რძე და თან ხელის სათქვეფით ვურიოთ.
  • როცა ფქვილი გაიხსნება დავამატოთ შაქარი
  • დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ხის ჯოხით ვურიოთ გაუჩერებლად. როცა მასა შესქელდება და დუღილს დაიწყებს გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  • დარბილებული მარგარინი ავთქვიფოთ, ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებული მოხარშული კრემი და შაქრიანი ვანილი.
ბოლო ეტაპი:
  • ნამცხვრი ერთ-ერთ ბისკვიტს წავუსვათ კრემის ნახევარი, დავადოთ მეორე ფენა და წავუსვათ დარჩენილი კრემი. პატარა ბისკვიტი დავფშვნათ და მოვაყაროთ ნამცხვარს ზემოდან.


No comments:

Post a Comment