2016-04-15

ბარდის კრემ-სუპი

ყვითელი ბარდა საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია. ის ძალიან კარგი დანამატია ნებისმიერი დიეტისთვის. 1/2 ჩ.ჭ. ბარდა შეიცავს 144 კალორიას, 10 გ. ცილას, 1 გ-ზე ნაკლებ ცხიმს, 26 გ. კარბოჰიდრატებს, 2 მგ. ნატრიუმსა და საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინს. ყვითელი ბარდა ასევე ძალიან კარგი საკვები წყაროა B-1 ვიტამინისა (0.18. მგ) და სხვა საჭირო მინერალების, როგორებიცაა ფოსფორი და კალიუმი. ფოსფორი და კალციუმი ძლიერი ძვლების საფუძველია. კალიუმი კი არეგულირებს გულის ცემის სიხშირეს, სისხლის წნევასა და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის ჯანსაღ მიმდინარეობას. ყველა ზემოთჩამოთვლილ მინერალთან ერთად ბარდა შეიცავს მოლიბდენსა და მანგანუმს, რომლებიც მეტაბოლურ პროცესებს აუმჯობესებენ.
როგორც ხედავთ ბარდა ნამდვილად კარგი პროდუქტია და მისი საკვებ რაციონში ჩართვა სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.
რაც შეეხება კრემ-სუპს ძალიან გემრიელია, განსაკუთრებულ არომატს შემწვარი ბულგარული წიწაკები ანიჭებს.


დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ.ჭ. ყვითელი მშრალი ბარდა
  • 2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 ც. მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 1/2 ჩ.ჭ. სიმინდი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 ლ. წყალი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. პაპრიკა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 2 კუბი ბოსტნეულის ბულიონის
მომზადება:
  • ბარდა მომზადებამდე 7-8 საათი დაალბეთ, რათა შემდეგ მალე მოიხარშოს. მანამდე გაარჩიეთ და გარეცხეთ.
  • ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, გადაიტანეთ ქვაბში, მოასხით ზეთი და მოშუშეთ. როცა ოქროსფერს მიიღებს  დაამატეთ წყალი და ბულიობის კუბები.
  • როცა წყალი ადუღდება ბარდა დაამატეთ
  • ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ 45-60 წუთი.
  • ბარდა კარგად უნდა დარბილდეს. შემდეგ დაამატეთ პაპრიკა, მარილი, ლიმონის წვენი, პილპილი და ოხრახუში. შემდეგ დააბლენდერეთ.
  • სანამ ბარდა მოიხარშება ბულგარული წიწაკები შეწვით, გარეცხილი პირდაპირ ცეცხლზე, კანი უნდა დაიწვას, შემდეგ მოაშორეთ კანი, თესლები და კუბიკებად დაჭერით. 
  • დაბლენდერებულ სუპს ბოლოს დაუმატეთ ბულგარული წიწაკები და სიმინდი. ერთხელ წამოადუღეთ და ბარდის სასარგებლო და გემრიელი სუპი მზადაა.