2016-04-10

ვაშლის სამარხვო ნამცხვარი

       გუშინ ჩვეულებრივი სამარხვო კექსის გამოცხობას ვაპირებდი, გემო დაახლოებით ისეთი ექნებოდა, როგორიც ამ პოპულარულ სამარხვო ორცხობილებს, მაგრამ მე რაიმე ახლის მომზადება მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე მოხარშული კრემით, ვაშლით, ნიგვზითა და ქიშმიშით შემექმნა განსხვავებული გემო და ნამდვილად გამომივიდა. თუ ამ ნამცხვარს გამოაცხობთ აუცილებლად ძალიან გემრიელი და არომატული ჯემი გამოიყენეთ, რათა ბისკვიტიც ასეთივე გამოგივიდეთ.

ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:
  • 500 მლ. ვაშლის ჯემი
  • 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1/2 ჩ.ჭ. წყალი
  • 1/2 ჩ.ჭ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 გ. ვანილინი ანუ შაქრიანი ვანილი
  • 1/3 ჩ.კ. დარიჩინი
კრემის ინგრედიენტები:
  • 1 ჩ.ჭ. წყალი
  • 1/3 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 2 გ. ვანილი
  • 1 ს.კ. მარგარინი
ასევე დაგჭირდებათ:
  • 1 საშუალო ზომის ვაშლი
  • 50 გ. დაჭრილი ნიგოზი 
  • 50 გ. ქიშმიში
  • შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
ფორმა: 28 სმ. დიამეტრის

მომზადება:
  • ჯემი, წყალი, შაქარი და ზეთი აურიეთ. დაუმატეთ მარილი, დარიჩინი და ვანილი.
  • ფქვილი გაცერით და მასში აურიეთ სოდა, შემდეგ კი ჯემიან მასას ნელ-ნელა დაუმატეთ და თან ხელის სათქვეფით ურიეთ. 
  • საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ცომის ნახევარი გადაიტანეთ. გამოაცხეთ 175-180 გრადუსზე. დასჭირდება დაახლოებით 15 წუთი. საცხობიდან გამოღებამდე შეამოწმეთ ხის წკირით. ასევე გამოაცხეთ ცომის მეორე ნაწილიც.
  • კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ შაქარი და აურიეთ. ნელ-ნელა ჩაასხით წყალი და ხელის სათქვეფით გააერთიანეთ მასა. დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, როცა ადუღდება გადმოდგით. დაუმატეთ ვანილი და მარგარინი. აქციეთ ერთიან მასად და გააციეთ.
  • გაციებულ ბისკვიტს წაუსვით კრემის ნახევარი. ვაშლი თხლად დაჭერით და კრემზე გაანაწილეთ, მოაყარეთ ნიგოზი და ქიშმიში. შემდეგ კი დარჩენილი კრემი გადაუსვით. დაადეთ მეორე ბისკვიტი, ზემოდან კი შაქრის პუდრა მოაყარეთ.