2015-08-11

ნიგვზისა და შოკოლადის ნაყინი

ნაყინი თითქმის ყველასთვის საყვარელი დესერტია. რადგან მისი შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება, სახლში ძალიან ცოტა თუ ამზადებს. მაგრამ... თუ გსურთ ნამდვილი ნაყინი მიირთვათ, ზუსტად იცოდეთ რას შეიცავს და როგორაა გაკეთებული, თავადვე უნდა მოამზადოთ. ეს რეცეპტი არაჩვეულებრივია. ნაყინის მომზადებისას სამზარეულოში არაჩვეულებრივი სურნელი იყო.  მაშინვე მივხვდი, რომ უგემრიელესი გამოვიდოდა. მოხალული ნიგოზი და შოკოლადი, ალბათ წარმოგიდგენიათ როგორი არომატული და გემრიელი იქნება ერთად. მაგრამ იმისათვის, რომ წარმოდგენის ნაცვლად, ნამდვილად დარწმუნდეთ, თავად უნდა მოამზადოთ. აუცილებლად დაიმსახურებთ მოწონებას.


დაგჭირდებათ:

  • 60 გ. მოხალული, კანგაცლილი ნიგოზი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 120 გ. შოკოლადი
  • 600 მლ. რძე
  • 125 გ. ნაღები (მაღალპროცენტიანი)
  • 4 დიდი კვერცხის გული
  • 150 გ. შაქარი
  • ვანილი
მომზადება:
  • ნიგოზი და 4 ს.კ. შაქარი კარგად დააბლენდერეთ. შოკოლადი ცოტაოდენ რძესთან ერთად ორთქლზე გაადნეთ და ნიგვზის მასას დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
  • დარჩენილი რძე და ნაღები მოათავსეთ ქვაბში და საშუალო ტემპერატურაზე წამოადუღეთ.
  • კვერცხის გულები და 150 გ, შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა კრემისებურ მასას მიიღებთ ნელ-ნელა დაუმატეთ ცხელი რძე და თქვეფა გააგრძელეთ. ბოლოს ეს მასა ქვაბში გადაიტანეთ და დაბალ ცეცხლზე განაგრძეთ თქვეფა.
  • როცა მასა შესქელდება გადმოდგით, დაუმატეთ ვანილი და გააციეთ. შემდეგ გადაიტანეთ ყინვაგამძლე კონტეინერში და გაყინეთ.

No comments:

Post a Comment