როგორც დაგპირდით მარხვის პერიოდში ვეცდები ბევრი რეცეპტი შემოგთავაზოთ კატეგორიაში "სამარხვო". ერთ-ერთი ეს ღვეზელია, უგემრიელესია. ვერ გეტყვით რომ მალე მოამზადებთ, თუმცა ღირს გაკეთება. კარგი არჩევანია ლანჩისთვის, სამსახურში ან სასწავლებელში წასაღებად. მე გამოვიყენე ხის სოკო. ვფიქრობ, ქამა სოკოთიც კარგი გამოვა.
დაგჭირდებათ:
მომზადება:
დაგჭირდებათ:
- 1 კგ. ხის სოკო
- 2 ცალი მოხარშული კარტოფილი
- 2-3 თავი ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 5 ღერი კამა
- 5-6 ს.კ. სამარხვო მაიონეზი
- 3 ჩ.კ. წყალი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- 1+1/2 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1 ჩ.კ. დაფქული ქინძი
- 4 ცალი ლავაში
- ზეთი
მომზადება:
- გაარჩიეთ სოკო, კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი და წვრილად დაჭერით.
- ხახვი და ნიორიც წვრილად დაჭერით და ზეთიან ცხელ ტაფაში მოშუშეთ. დაამატეთ სოკო და განაგრძეთ მოშუშვა.
- გახეხეთ მოხარშული კარტოფილი და სოკო როცა კარგად მოითუშება დაამატეთ. აურიეთ და რამდენიმე წუთში მოაყარეთ მარილი, პილპილი, უცხო სუნელი და ქინძი.
- აურიეთ და რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.
- პატარა ჯამში მაიონეზი და წყალი აურიეთ, დაამატეთ ცოტა მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი კამა. კარგად აურიეთ.
- თითოეული ლავაში შუაზე გაჭერით. წაუსვით მაიონეზის სოუსი, დაადეთ სოკოს შიგთავსი და გადაახვიეთ. ბოლოს დაატოსტერეთ.
No comments:
Post a Comment