გილოცავთ შობა-ახალ
წელს! ტკბილი, გემრიელი და ბედნიერი ყოფილიყოს 2016 წელი თქვენთვის. ამ წელს პირველ
რეცეპტს ვდებ. ეს არის ძალიან გემრიელი, სამარხვო სოკოს „კუჭმაჭი“ სანელებიანი მჭადის
კალათებში. ფაქტობრივად ეს პოსტი 2 ახალ რეცეპტს აერთიანებს. მართალია ახლა მარხვა
მთავრდება, მაგრამ აღდგომის მარხვისთვის გამოგადგებათ ან თუ სოკო გიყვართ შეგიძლიათ ახლაც
მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
კუჭმაჭისთვის:
- 1 კგ. ხის სოკო
- 250 გ. დაფქული ნიგოზი
- 1 ჩ,კ, ქინძის სუნელი
- 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
- 1 ჩ.კ. სვანური მარილი
- პილპილი, წითელი წიწაკა, დამატებით მარილი თქვენი გემოვნებით
- 1/2 კონა ოხრახუში
- 1/4 ბროწეულის მარცვლები
- 2-3 კბილი ნიორი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- ცოტა წყალი, დაახლოებით 1-2 ს.კ.
მჭადის კალათებისთვის:
- 1 კგ. მჭადის ფქვილი
- 100-140 გ. მარგარინი/სამარხვო კარაქი
- 250 მლ. ცხელი წყალი
- 2 მწიკვი სოდა
- 4 ჩ.კ. სვანური მარილი
- 2 ჩ,კ. ორეგანო (იგივე თავშავა)
- ზეთი ფორმისთვის
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ხის სოკო გაარჩიეთ და მოხარშეთ. გაავლეთ ცივი წყალი და დაჭერით წვრილად.
- ნიგოზი, სუნელები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი (ჩააჭყლიტეთ, გახეხეთ ან წვრილად დაჭერით), მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა ერთად აურიეთ და ამის შემდეგ დაამატეთ სოკოს.
- მოასხით ლიმონის წვენი და აურიეთ. მასა უნდა იყოს სველი. ამიტომ თუ საჭიროდ ჩათვლით წყალიც დაუმატეთ.
- მოაყარეთ ბროწეულის მარცვლებიც და აურიეთ.
- მჭადის ფქვილში აურიეთ ყველა მშრალი ინდგერიენტი, ჩაახეხეთ მარგარინი და აურიეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა. ბოლოს დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი.
- ტარტალეტკის ფორმებს წაუსვით ზეთი და მჭადის გუნდები გაანაწილეთ. ამოიყვანეთ გვერდებზე. მიეცით თასის ფორმა.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
- ბოლოს მჭადის კალათებში გაანაწილეთ სოკოს "კუჭმაჭი". ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მორთოთ მწვანილით.
No comments:
Post a Comment