Pages

2015-09-04

პიცა

პიცის სამშობლო იტალიაა. ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში დაუწყიათ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში პიცის მომზადება. დღეს კი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პიცის მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს. ძირითადი ინგრედიენტები პომიდვრის სოული და ყველია, დანარჩენი ინგრედიენტები კი ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ დაუმატოთ ბოსტნეული, ხორცი და სხვადასხვა სანელებელი. დღეს ცომისა და სოუსის მომზადების რეცეპტს გაგიზიარებთ.


წლების განმავლობაში მეგონა პიცას ვაკეთებდი ხოლმე :D 14-15 წლის ვერ ვერკვეოდი და მახსოვს ძალიან ცუდი კომენტარები პიცის რეცეპტზე. დღეს ძველთან შედარებით დახვეწილ რეცეპტს გთავაზობთ, რადგან გაგიზიარებთ ცომისა და სოუსის მომზადების წესს + ამ პიცას არ ექნება არანაირი მაიონეზი.

მოცემული პროპორციებით გამოდის 2 დიდი პიცა.

მაშ ასე, ცომისთვის დაგჭირდებათ:

  • 3+1/2 ჩ.ჭ. ფქვილი + დამატებით დაახლოებით 1 ჩ.ჭ.
  • 2+1/4 ჩ.კ. საფუარი
  • 1+1/3 ჩ.ჭ. ადუღებული წყალი (110 გრადუსი)
  • 1-2 ჩ.კ.  მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
სოუსისთვის:
  • 250 გ. პომიდვრის პიურე
  • 1-2 ჩ,კ, პიცის  სუნელი (იყიდება სუპერმარკეტებში, შეიცავს ორეგანოს, ბაზილიკს, პაპრიკას)
  • მარილი გემოვნებით
მომზადება:
  • ადუღებულ წყალში გახსენით საფუარი და ცოტახანი დააცადეთ რომ აფუვდეს.
  • ფქვილი, მარილი, შაქარი ცალკე თასში აურიეთ. დაამატეთ საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი, ასევე დაამატეთ ზეთი. ცომი უნდა ზილოთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით ასაფუებლად.
  • ამასობაში მოამზადეთ სოუსი, რომელსაც რამდენიმე წუთი სჭირდება. პომიდვრის სოუსს უნდა დაუმატოთ მარილი და პიცის სუნელი. რაოდენობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. 
  • აფუებული ცომი ხელს ეწებება, ამიტომ ფქვილი დაუმატეთ და რამდენიმე წუთი კვლავ მოზილეთ. გაყავით ორ ნაწილად და ფქვილ მოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ.
  • ცომს ფქვილი საკმარისი რაოდენობით უნდა ჰქონდეს, თორემ ზედაპირს მიეწებება. 
  • საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ცომი, წაუსვით სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი( რაოდენობა თქვენს სურვილზეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცარელა ან სულგუნი, რომელიც მსგავსადვე მზადდება). ამის შემდეგ დარჩენილი ინგრედიენტები თქვენი გემოვნების მიხედვით დაუმატეთ, მე ლორი, ზეთისხილი, ბულგარული წიწაკა და პომიდორი გამოვიყენე. 
  • როცა პიცა შესადგმელად მზად იქნება, ცოტა პიცის სუნელი და პილპილი მოაყარეთ, ეს მის არომატსა და გემოს გააუმჯობესებს.
  • შედგით 200-220 გრადუსზე 20-25 წუთით.


შეგიძლიათ სოუსზე ყველის ნაჭრები მოაწყოთ და ბოლოს გახეხილიც მოაყაროთ. გემრიელად მიირთვით! <3

No comments:

Post a Comment