Pages

2016-03-21

ტარხუნის უგემრიელესი სამარხვო ღვეზელი

      რადგან მარხვის დღეებია შესაბამის კატეგორიაზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა და მეც ახალი რეცეპტი მოგიმზადეთ. ძალიან არომატული და გემრიელი ტარხუნის ღვეზელები მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს თქვენს ოჯახის წევრებს შორის. შიგთავსის საოცარი არომატის გარდა, ამ ღვეზელს ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი ცომი აქვს, რომელიც შეგიძლიათ ლობიანებისთვის, ხაჭაპურისთვის და სხვა ნებისმიერი ღვეზელისთვის.


 დაგჭირდებათ:
ცომისთვის:

  • 3 + 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი (დამატებით 1 ჭიქა ცომის დამუშავებისთვის)
  • 330 მლ. თბილი წყალი (ხელს ოდნავ უნდა წვავდეს)
  • 2 ჩ.კ. საფუარი
  • 1+1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  •  250 გ. მარგარინი
შიგთავსისთვის:

  • 1/3 ჩ.ჭ. ბრინჯი
  • 3 კონა ტარხუნა
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 დიდი მწვანე ბულგარული წიწაკა
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ზეთი
ზეთი ზემოდან გადასასმელად.

მომზადება:

  • ფქვილი გავცრათ, დავუმატოთ მარილი, შაქარი, საფუარი და ავურიოთ. შემდეგ დავასხათ წყალი და მოვზილოთ ცომი. დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. მოზელვისას ცოტაოდენი ფქვილის დამატება შეგიძლიათ, თუმცა იმდენი არა, რომ ცომი დამძიმდეს.
  • ცომს დავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად 1 საათით.
  • აფუებული ცომი გავაბრტყელოთ და დავახეხოთ მარგარინის ნახევარი (მარგარინი რომ ადვილად გაიხეხოს, ფქვილში ამოვავლოთ), ცომი გადავკეცოთ და კვლავ გავაბრტყელოთ, შემდეგ ისევ გადავკეცოთ და გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი. შევდოთ მაცივარში 1-2 საათით. ცომი ამ დროს კიდევ უკეთესად აფუვდება.
  • 2 საათის შემდეგ გამოვიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ და დარჩენილი მარგარინი მოვახეხოთ, შემდეგ კვლავ გავაბრტელოთ, დავკეცოთ და სამზარეულოს ცელოფანში გახვეული 1-2 საათით შევდოთ მაცივარში.
  • ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი, ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავუწუროთ ზედმეტი სითხე და გავაციოთ.
  • ხახვი და ნიორი გავასუფთაოთ, დავჭრათ წვრილად და ზეთში მოვშუშოთ.
  • ბულგარული დავჭრათ კუბებად, ტარხუნას მოვაშოროთ მაგარი ღეროები და დავჭრათ 3 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად.
  • შიგთავსის ყველა ინგრედინეტი ავურიოთ თასში, მოვაყაროთ პილპილი და საჭიროებისამებრ მარილიც.
  • ცომი გავყოთ 4 ნაწილად, შემდეგ თითოეული ნაწილი კვლავ ოთხად, უნდა მივიღოთ 16 პატარა გუნდა.
  • გუნდა დავაბრტყელოთ, ჩავუდოთ შიგთავსი ცენტრში მთელ სიგრძეზე. გვერდები დავჭრათ ისე, როგორც ფოტოზეა და დავწნათ. თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი ღვეზელები მოამზადოთ და დაწვნის ეტაპი გამოტოვოთ, თუმცა ასე ძალიან ლამაზია <3

  • ღვეზელებს გამოცხობამდე გადავუსვათ ზეთი და შევდოთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთი. სასიამოვნო ოქროსფერს რომ მიიღებს მზადაა.



No comments:

Post a Comment